საგამოძიებო სამსახური

უცნობის გავრცელებულ "სკანდალურ ჩანაწერზე" გამოძიება დაიწყო

მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის (უცნობი) გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, "გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიით გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანია მთავარი არხის თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით".  

კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს" - ნათქვამია განცხადებაში. 

13 ივლისს ტელეწამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ გაავრცელა "სკანდალური ჩანაწერი", რომელიც ასახავს მთავარი არხის გადაცემა პოსტ ფაქტუმის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ერთერთი სიუჟეტის შესახებ. ჩანაწერის ფიგურანტი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მათი საუბარი უკანონოდ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიწერა.

კომენტარები