რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვინიცაზე სარაკეტო იერიშის შემდეგ აშშ მოქალაქეებს ურჩევს, უკრაინა დაუყოვნებლივ დატოვონ

ვინიცას ქუჩა, სადაც ოკუპანტების სარაკეტო იერიში განხორციელდა

აშშ-ს საელჩომ უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ უკრაინაში არ ჩავიდნენ, ხოლო ვინც აქ იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. 

საელჩოს განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ უკრაინაში უსაფრთხოების სიტუაცია რუსეთის თავდასხმების გამო დაუნდობელი და არაპროგნოზირებადია. 

ამას გარდა, საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავი აარიდონ ხალხმრავლობასა და ორგანიზებულ ღონისძიებებს, რადგან, შესაძლოა, უკრაინის ნებისმიერ ნაწილში, მათ შორის დასავლეთის ოლქებშიც, რუსეთის სამიზნეები გახდნენ.

ხუთშაბათს, 14 ივლისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00-ზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ვინიცაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, რაკეტები საოფისე შენობებს მოხვდა. დაზიანდა ოფიცერთა სახლი და ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსებიც. გაჩნდა ხანძარე, რომელიც ავტოსადგომზე გავრცელდა. დაიწვა დაახლოებით 50 ავტომობილი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ თავდასხმას ტერაქტი უწოდა. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმა 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ასამდე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები