რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ალბანესი: ავსტრალია რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავს და კიევს სამხედრო ტექნიკით დაეხმარება

ავსტრალიის პრემიერმინისტრი, ენტონი ალბანესი
Oleksiy Kuleba via Telegram/Handout via REUTERS

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, ენტონი ალბანესმა კიევში ვიზიტისას თქვა, რომ ავსტრალია რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავს. გარდა ამისა, ქვეყანა უკრაინას დამატებით 34 ჯავშანმანქანას მიაწვდის

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ კონფერენციაზე ალბანესმა აღნიშნა, რომ ავსტრალია კიდევ 16 რუს მინისტრსა და ოლიგარქს სანქციებს დაუწესებს და ქვეყანაში მოგზაურობას აუკრძალავს. აქამდე, ავსტრალიამ სანქციები 827 რუს პირს დაუწესა. 

ალბანესის განმარტებით, ავსტრალია უკრაინას 14 ჯავშანტრანსპორტიორსა და 20 Bushmaster-ის ტიპის მანქანას გადასცემს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები