კაპიტოლიუმზე თავდასხმა

ჰატჩინსონი: ტრამპმა 6 იანვარს იცოდა, რომ მხარდამჭერებს იარაღი ჰქონდათ, მათი გაძღოლა სურდა

დონალდ ტრამპი 2021 წლის 6 იანვრის დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს

2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით, კონგრესის წინაშე თეთრი სახლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, კესიდი ჰატჩინსონმა ჩვენება მისცა.

ტრამპის ადმინისტრაციის დროს თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის, მარკ მიდოუს თანაშემწის, ჰატჩინსონის თქმით, დონალდ ტრამპმა 2021 წლის 6 იანვარს იცოდა, რომ მისი მხარდამჭერები შეიარაღებული იყვნენ, ასევე ითხოვდა, რომ პირადად გაძღოლოდა მათ. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ამ უკანასკნელ სურვილთან დაკავშირებით აშშ-ს საიდუმლო სამსახურის მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ შეუძლებელი იყო, რის შემდეგაც ექსპრეზიდენტი მას ფიზიკურად გაუსწორდა. ამას გარდა, ჰატჩინსონმა დაამატა, რომ ტრამპი გამოხატავდა საკუთარი ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის ჩამოხრჩობისადმი მხარდაჭერას და განიხილავდა ბუნტის მონაწილეების შეწყალებას.

ჰატჩინსონის მტკიცებით, როდესაც დონალდ ტრამპს შეატყობინეს, რომ მის მხარდამჭერ მიტინგზე, რომელიც კაპიტოლიუმში შეჭრამდე იმართებოდა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აკრიტიკებდა, შეიარაღებული დემონსტრანტები მოვიდნენ, მან აქციაზე უსაფრთხოების ზომების გაუქმება მოითხოვა.

"ისინი აქ იმისთვის არ არიან, რომ მე მავნონ". – ჰატჩინსონის მიხედვით, ასე თქვა დონალდ ტრამპმა შეიარაღებულ მხარდამჭერებზე. 

ჰატჩინსონის თქმით, კაპიტოლიუმზე იერიშის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგაც კი, ტრამპი არეულობის მონაწილეებს კვლავ მხარს უჭერდა. 

"ის ფიქრობდა, რომ მათ არაფერი დაუშავებიათ, [ფიქრობდა, რომ] ადამიანი, რომელიც იმ დღეს ცუდად მოიქცა, მაიკ პენსი იყო". – თქვა ჰატჩინსონმა.

ამას გარდა, ჰატჩინსონის მტკიცებით, მის უფროსს, მიდოუსა და ტრამპის ადვოკატს, რუდი ჯულიანის სურდათ შეეწყალებინათ 6 იანვრის დანაშაულები. მან ასევე დაამატა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კონსტიტუციის 25-ე შესწორების შესაბამისად, ტრამპის გადაყენებას განიხილავდნენ.

ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ჰატჩინსონს "სრული მატყუარა" უწოდა. მისი თქმით, მას არ უნდა ენდონ, რადგან ჰატჩინსონს ფლორიდაში მაღალი თანამდებობა სურდა, მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრი სახლი დატოვა. "მე პირადად ვთქვი უარი მის თხოვნაზე"; – დაწერა ტრამპმა, – "რატომ უნდოდა ჩვენთან წამოსვლა, თუ გრძნობდა რომ ასეთი საშინლები ვიყავით? მესმის, რომ ის ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული იყო, რომ მისი წაყვანა, ან გუნდის წევრობა არ მინდოდა". – დაამატა მან. 

კონგრესის სასამართლო კომიტეტის წარმომადგენელმა რესპუბლიკელებმა ჰატჩინსონის ჩვენებას ჭორები უწოდეს.

10 ივნისს ტრამპი კონგრესში გამართულ მოსმენაზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს.

2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კონგრესის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. პარალელურად თეთრ სახლთან დონალდ ტრამპის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ არჩევნები გაყალბდა და ნამდვილი გამარჯვებული ტრამპი იყო. ტრამპმა თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და რის შედეგად ისინი კაპიტოლიუმისკენ გაემართნენ და შენობაში შეიჭრნენ.

კაპიტოლიუმზე თავდასხმის დღეს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიმდინარე ძალადობა, წარმოადგენდა არა პატრიოტულ აქტს, არამედ თავდასხმას ქვეყანასა და მის დამფუძნებელ პრინციპებზე.

კომენტარები