კაპიტოლიუმზე შტურმი

კონგრესში გამართულ მოსმენაზე ტრამპი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს

დონალდ ტრამპი

თითქმის ერთწლიანი გამოძიების შემდეგ, დემოკრატების ხელმძღვანელობით აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპეციალური კომიტეტის მოსმენა დაიწყო. კონგრესის გამოძიების მიხედვით, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული წლის კაპიტოლიუმის გადატრიალება სცადა.

კომიტეტის ვიცეთავმჯდომარე, ლიზ ჩეინი ამბობს, რომ ტრამპმა "თავდასხმა გაამწვავა". დემოკრატმა ბენი ტომსონმა კი აღნიშნა, რომ გადატრიალების მცდელობით საფრთხე შეექმნა ამერიკულ დემოკრატიას.

ტრამპის მხარდამჭერები კონგრესში 2021 წლის 6 იანვარს შეიჭრნენ, როდესაც კონგრესმენები ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების დასადასტურებლად შეხვდნენ.

სხდომაზე განიხილეს აშშ-ს ყოფილი გენერალური პროკურორის, ბილ ბარის ინტერვიუ, სადაც მან აღნიშნა, რომ არაერთხელ უთხრა ექსპრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, არჩევნებში დამარცხდა, თუმცა, ის თავის მხრივ აგრძელებდა მტკიცებას შედეგები გაყალბებასთან დაკავშირებით. მოსმენაზე, ასევე, წარადგინეს ექსპრეზიდენტის ქალიშვილის, ივანკა ტრამპის ჩვენებები, რომელშიც ნათქვამია, რომ მან ბარს დაუჯერა, რომ არჩევნები მამამისის მარცხით დასრულდა.

კაპიტოლიუმზე შტურმის გამოძიებაში ჩართულია რესპუბლიკელი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი და ლიზ ჩენი. ისინი შვიდ დემოკრატ  კოლეგასთან ერთად კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეს იძიებენ. კოლეგია იკვლევს, ვის ჰქონდა კავშირი კაპიტოლიუმზე შტურმის დაგეგმვასა და განხორციელებაში. კომიტეტის წევრები გეგმავენ, მორიგი მოსმენა სექტემბერში გამართონ, რათა საკუთარი დასკვნები გამოაქვეყნონ და აშშ-ს საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები წარადგინონ.

2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კონგრესის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. პარალელურად თეთრ სახლთან დონალდ ტრამპის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ არჩევნები გაყალბდა და ნამდვილი გამარჯვებული ტრამპი იყო. ტრამპმა თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და რის შედეგად ისინი კაპიტოლიუმისკენ გაემართნენ და შენობაში შეიჭრნენ.

კაპიტოლიუმზე თავდასხმის დღეს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მიმდინარე ძალადობრივი სცენები,  წარმოადგენს არა პატრიოტულ აქტს, არამედ თავდასხმას ქვეყანასა და მის დამფუძნებელ პრინციპებზე.

კომენტარები