ქართული ოცნება

ქებურია: ივანიშვილის გამორჩეული ლაქიების მორიგი ამბოხის უნიჭო იმიტაცია გვაქვს

"ბიძინა ივანიშვილის მლიქვნელების გუნდში გამორჩეული ლაქიების მორიგი ამბოხის უნიჭო იმიტაცია გვაქვს სახეზე." - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, ლელა ქებურია ქართული ოცნებიდან  ივანიშვილის დეპუტატების, ხუნდაძის, სუბარისა და ყაველაშვილის წასვლას.

ქებურიას შეფასებით, რა კონფიგურაციაც არ უნდა იყოს ივანიშვილის გარშემო, რომელი პაიკი საით გადაადგილდება, ვინ უფრო რადიკალური იქნება ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებში და ვინ უფრო დავარცხნილი, ეს საზოგადოებისთვის აღარ არის საინტერესო.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მზარდი საზოგადოებრივი და საგარეო წნეხის დახმარებით ისე შევარყიოთ ივანიშვილის რეჟიმი, რომ მას მოუწიოს ძალაუფლების დათმობა." - ამბობს ლელა ქებურია.

28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობა დატოვეს. ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან.

მამუკა მდინარაძის თქმით, დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის მათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით, შესაძლოა, უხერხულობები შეექმნათ.

კომენტარები