ქართული ოცნება

ხუნდაძე: ოცნებასთან ყველაფერში ვთანხმდებით, გარდა ერთისა – რა დოზით მიეწოდოს ხალხს სიმართლე

დიმიტრი ხუნდაძე

ქართული ოცნებიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ დეპუტატები, რომლებმაც პარტია დატოვეს, ქართულ ოცნების ლიდერებთან ყველა თემაში თანხმდებიან, გარდა ერთისა – თუ რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე.

"ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო. ჩემი პოლიტიკური ასაკი ზუსტად ემთხვევა ქართული ოცნების პარტიის ასაკს, მაგრამ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები. ჩვენ ქართულ ოცნებასთან, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს. პრაქტიკულად, ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი, დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პოლიტიკურ რეალობაში. ამიტომ საკითხებზე, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში განიხილება, მე ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და იმ ინფორმაციას, რაც მათ დღეს არ აქვთ, ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან". – თქვა ხუნდაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობა დატოვეს. ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან.

მამუკა მდინარაძის თქმით, დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის მათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით, შესაძლოა, უხერხულობები შეექმნათ.

კომენტარები