ქართული ოცნება

სუბარი: ზოგჯერ მეტი უნდა უთხრა ხალხს, მმართველი გუნდის პოზიციიდან გამომდინარე არ გამოდიოდა

ქართული ოცნებიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ დეპუტატი სოზარ სუბარი ამბობს, საჭიროა, ხალხმა სიმართლე იცოდეს, თუმცა მმართველი პარტიის პოზიციიდან გამომდინარე "ეს არ გამოდიოდა".

"საზოგადოებამდე ინფორმაცია მიდის, მაგრამ, როცა ხარ მმართველ გუნდში, ბუნებრივია, გაქვს გარკვეული შეზღუდვები. მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც ღიად არ ითქმის, რომლებიც კულუარებში ხდება. ზოგჯერ უბრალოდ დგება საკითხი, როდესაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უფრო მეტი უნდა უთხრა ხალხს. მმართველი გუნდის პოზიციიდან გამომდინარე, ამის თქმა არ გამოდიოდა, იძულებული ხარ ანგარიში გაუწიო თანამებრძოლებს". – თქვა სუბარმა TV პირველთან.

მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი, რასაც ქვეყნისთვის ომში ჩართვის საფრთხის აცილება შეუძლია, ხალხის მხარდაჭერაა და მათ სიმართლე უნდა იცოდნენ.

"რთული პერიოდი დგას დღეს ჩვენს რეგიონში ზოგადად და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. მოგისმენიათ არაერთი განცხადება, რომელიც პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყო ამის პირდაპირი მცდელობები, იყო არაპირდაპირი მცდელობებიც. ერთადერთი, რასაც შეუძლია, ეს საფრთხე თავიდან აგვაცილოს, ეს არის ხალხის მხარდაჭერა და განწყობა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე.

ერთი მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე, მეორე მხრივ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კარიბჭესთან ვდგავართ, ეს არის ევროკავშირის გაწევრიანების შესაძლებლობა. მაგრამ, თუკი ახდა იმათი განწყობა, ვისაც უნდა ომში ჩართვა, მაშინ ყველაფერი დაგვრჩება განზე. ამიტომაც, ხალხს უნდა ვუთხრათ უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა, როცა ხარ მმართველი გუნდის წევრი". – თქვა სუბარმა.

28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობა დატოვეს. ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან.

მამუკა მდინარაძის თქმით, დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის მათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით, შესაძლოა, უხერხულობები შეექმნათ.

კომენტარები