ქართული ოცნება

ყაველაშვილი: ამ სახით შეგვიძლია მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ხალხს და არ დავაზიანოთ ოცნება

ქართული ოცნებიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ დეპუტატი მიხეილ ხუნდაძე ამბობს, რომ ამ სახით პარტიიდან წასულ სამ დეპუტატს შეეძლება უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ისე, რომ მმართველი პარტია არ დააზიანონ.

"კონკრეტიკაზე თავს შევიკავებთ, ამას ხვალ გაიგებთ. ჩვენი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია, რომ მათ იცოდნენ და ჩვენ, სამმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და არ დავაზიანოთ ქართული ოცნება. არის საკითხები, რომელიც ხვალ გაჟღერდება. ამ საკითხებზე მსჯელობაც გვექნება, რომ ჩვენმა საზოგადოებამ​ სიმართლე იცოდეს, თუ დღეს საქართველოში რა ვითარებაა და საერთო აზრი გვქონდეს, მით უმეტეს, ჩვენს ამომრჩეველთან. ჩვენ გვექნება თავისუფლება, რომ ჩვენს საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი არსებულ რეალობას საღად შეხედავენ, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა". – თქვა ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობა დატოვეს. ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან.

მამუკა მდინარაძის თქმით, დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის მათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით, შესაძლოა, უხერხულობები შეექმნათ.

კომენტარები