რუსეთი

მედვედევი: ბალტიის არაბირთვული სტატუსი წარსულს ჩაბარდება, თუ ფინეთი-შვედეთი NATO-ში შევლენ

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ექსპრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესვლის შესაძლებლობაზე  Аргументы и факты-სთან ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ბალტიის რეგიონის არაბირთვული სტატუსი "წარსულს ჩაბარდება".

"რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით საპასუხო ნაბიჯებისთვის [ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში]. NATO-ს მსგავსი გაფართოების შემთხვევაში, რუსეთთან მისი საზღვრების სიგრძე გაორმაგდება. ჩვენ ამ საზღვრების გამაგრება მოგვიწევს. ბალტიის არაბირთვული სტატუსი წარსულს ჩაბარდება, ჩრდილოეთის მიმართულებით სერიოზულად გაფართოვდება სახმელეთო ძალების ჯგუფები და სამხედრო-საზღვაო ფლოტი. ამით არავინ არის აღფრთოვანებული, არც NATO-ს კანდიდატობის ორი ქვეყნის მოქალაქეები. არაა საუკეთესო პერსპექტივა საკუთარი სახლის ზღურბლთან ჩენი ისკანდერების, ჰიპერბგერითი რაკეტების, ბირთვული იარაღით შეიარაღებული სამხედრო გემების ყოფნა. მხოლოდ ცოტასთვის იქნება სასიამოვნო ისიც, რომ გადახდილი გადასახადები ახლა დაიხარჯება არა კეთილმოწყობასა და ჰუმანიტარულ პროგრამებზე, არამედ თავდაცვის მიზნებზე NATO-ს ეგიდით. ეს უძირო უფსკრულია. ამასთანავე, როგორც მრავალი ათწლეულის გამოცდილება აჩვენებს, რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობის ესკალაცია უაზრო და ძვირადღირებული საქმეა". – თქვა მედვედევმა. 

მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის, ყირიმის გამო, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე შვედეთისა და ფინეთის.

აპრილში მედვედევმა ბალტიის ბირთვულ სტატუსზე იგივე მუქარა გააჟღერა.

"თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ში შევლენ, ალიანსის სახმელეთო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან ორზე მეტჯერ გაიზრდება. ბუნებრივია, საჭირო იქნება ამ საზღვრების გამაგრება, სახმელეთო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება, ფინეთის ყურის წყლებში მნიშვნელოვანი საზღვაო ძალების განლაგება. ასეთ შემთხვევაში, ბალტიის არაბირთვულ სტატუსზე საუბარი შეუძლებელი იქნება – ბალანსი უნდა აღდგეს". – ამბობდა მედვედევი.

ამ მუქარას აპრილში პასუხი გასცა ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა და აღნიშნა, რომ რუსეთს ბალტიის რეგიონში ბირთვული იარაღი უკვე აქვს. 

"რუსეთის ამჟამინდელი მუქარა ძალიან უცნაურად გამოიყურება, როცა ვიცით, რომ ახლანდელი უსაფრთხოების სიტუაციის გარეშეც, ისინი [ბირთვულ] იარაღს ლიტვის საზღვრიდან 100 კილომეტრში ინახავენ... კალინინგრადში ყოველთვის ინახებოდა ბირთვული იარაღები... საერთაშორისო საზოგადოებამ და რეგიონის ქვეყნებმა ეს მშვენივრად იციან... ისინი ამას მუქარად იყენებენ". – ამბობდა ანუშაუსკასმა.

კომენტარები