NATO-რუსეთი

ლიტვა: ბალტიის რეგიონში რუსეთს ბირთვული იარაღი უკვე აქვს

რუსი სამხედროები Искандер-М-ის გამშვებ აპარატს ტენიან. 2016 წლის 17 ნოემბერი.
იური სმიტიუკი/TASS

ლიტვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუშაუსკასი გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის მუქარას, ბალტიის რეგიონში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით.

ლიტვის თავდაცვის მინისტრის თქმით, კალინინგრადში, ბალტიის ზღვის ნაპირებზე მყოფ რუსულ ანკლავში, რუსეთი დიდი ხანია, რაც ბირთვულ შეიარაღებას ინახავს.

"რუსეთის ამჟამინდელი მუქარა ძალიან უცნაურად გამოიყურება, როცა ვიცით, რომ ახლანდელი უსაფრთხოების სიტუაციის გარეშეც, ისინი [ბირთვულ] იარაღს ლიტვის საზღვრიდან 100 კილომეტრში ინახავენ... კალინინგრადში ყოველთვის ინახებოდა ბირთვული იარაღები... საერთაშორისო საზოგადოებამ და რეგიონის ქვეყნებმა ეს მშვენივრად იციან... ისინი ამას მუქარად იყენებენ". – თქვა ანუშაუსკასმა.

14 აპრილს დმიტრი მედვედევმა ისაუბრა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესვლის შესაძლებლობაზე და ახსენა, რომ თუ ეს ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდებიან, რუსეთს, ამ მიმართულებით, საზღვრების გამაგრება მოუწევს.

"ბუნებრივია, საჭირო იქნება ამ საზღვრების გამაგრება, სახმელეთო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება, ფინეთის ყურის წყლებში მნიშვნელოვანი საზღვაო ძალების განლაგება. ასეთ შემთხვევაში, ბალტიის არაბირთვულ სტატუსზე საუბარი შეუძლებელი იქნება – ბალანსი უნდა აღდგეს". – წერდა მედვედევი.

ბალტიის არაბირთვული სტატუსის გაგრძელების შეუძლებლობასთან დაკავშირებით მედვედევმა ამ რეგიონში მყოფ კალინინგრადის ანკლავზე ბირთვული იარაღის განლაგება იგულისხმა. 

კომენტარები