ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი G7-ის სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად შეთანხმდა, რომ რუსეთიდან ოქროს იმპორტი სრულად აიკრძალება. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ლიდერები ერთობლივ განცხადებას კვირას გერმანიაში დაგეგმილ სამიტზე გააკეთებენ.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა დიდწილად უკვე დახურა ევროპისა და აშშ-ს ბაზრები რუსეთიდან იმპორტირებული ოქროსთვის, G7-ის ახალი გადაწყვეტილება სრულად გაწყვეტს რუსეთის, მსოფლიოში მეორე უდიდესი ოქროს მომპოვებლის კავშირს მსოფლიოს ორ მთავარ სავაჭრო ცენტრთან – ლონდონთან და ნიუ-იორკთან.
რუსული ოქროსთვის ლონდონის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო მიმართულება იყო, სადაც გასულ წელს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ოქრო ჩავიდა, რამაც გაერთიანებულ სამეფოში იმპორტირებული ოქროს 28% შეადგინა.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.