საქართველო-ევროკავშირი

ჯაფარიძე: ლელო საქართველოსთვის მხარს უჭერს სახალხო მოძრაობის მოთხოვნებს

ლელო საქართველოსთვის / Facebook

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია მხარს უჭერს მოთხოვნებს, რომლებიც სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ გუშინ, 24 ივნისს გამართულ აქციაზე გამაოცხადა - მათ შორის, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას, რომელიც, ჯაფარიძის თქმით, არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით იქნება დაკომპლექტებული. 

"ლელო საქართველოსთვის მიიჩნევს, რომ ევროკომისიის მიერ დასახელებული ჩამოთვლილი 12 პუქტიანი რეკომენდაციების შესრულება წარმოდგენს მთავარ ამოცანას და არის ზეპარტიული მნიშვნელობის, რამდენადაც ზეპარტიული მნიშვნელობის არის საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობსი კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს უნიკალური შანსი, რომელიც ახლა მოგვეცა, უნდა იქნეს გამოყენებული წლის ბოლომდე, ამიტომ დრო გვაქვს ძალიან ცოტა, შესაბამისად, უნდა ვიმოქმედოთ ყოველდღე. გამომდინარე აქედან, ლელო საქართველოსთვის მხარს უჭერს საერთო სახალხო მოძრაობის მიერ წაკითხულ, გამოცხადებულ მანიფესტს და იმ მოთხოვნებს, რომლებიც იქ არის დასახელებული. კერძოდ - ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იქნება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული, ეს პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოტხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება და უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. ერთადერთი გზა ამისთვის არის სწორედ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა. 

ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ ამ მთავრობამ, რომელიც იმოქმედებს ძირითადად და მისთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება 12 მოთხოვნის განხორციელება, ამ მთავრობამ უნდა მოამზადოს სამართლიანი საარჩევნო გარემო და შემდგომში უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ცხადია, რომ ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვიღონებთ, როგორც პოლიტიკური პარტია, იმისათვის, რომ ეს გაჟღერებული მოთხოვნები შესრულდეს, იმიტომ, რომ ეროვნული თანხმობის მიღწევა და ამის საფუძველზე მთავრობის ჩამოყალიბება არის პირველი რიგის ამოცანა და ეს არის გადაუდებელი განსახორციელებელი. შესაბამისად, ველოდებით, რომ ქართული ოცნება გააცნობიერებს ამ უმნიშვნელოვანეს, ამ უმწვავეს მომენტს ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა პოლიტიკური აქტორი შევძლებთ, შევთანხმდეთ ასეთი მთავრობის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ითხოვს საერთო სახალხო მოძრაობა". - თქვა მან ბრიფინგზე. 

გუშინ, 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებს. 

"ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმაა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს ზამთარი სანამ მოვა. ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება, თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ ქართველი ხალხის რისხვას [...] ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი. დავრჩებით აქ, არ დავიშლებით სანამ არ დაიშლება ოლიგარქია." - თქვა შოთა დიღმელაშვილმა. 

კომენტარები