დეოლიგარქიზაციის კამპანია

პატარაია: დეოლიგარქიზაციის გარეშე ევროკავშირის დასახული ვერცერთი ამოცანა ვერ გადაწყდება

აფხაზთა კრების ხელმძღვანელი მალხაზ პატარაია
ტაბულა

"იმ მრავალრიცხოვან ამოცანებს შორის, რომლებიც დაუსახა ევროკავშირმა საქართველოს, არის ერთი ამოცანა, რომლის გარეშეც სხვა ვერცერთი ვერ გადაწყდება. ეს გახლავთ დეოლიგარქიზაცია" – თქვა აფხაზთა კრების თავმჯდომარემ, მალხაზ პატარაიამ პარლამენტთან დეოლიგარქიზაციის კამპანიის წარდგენისას.

"სწორედ ოლიგარქიული სისტემა განაპირობებს იმას, რომ სხვა ყველა დარგში გვაქვს ასეთი მძიმე მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, უმთავრესი პრობლემა დღეს, მათ შორის დეოკუპაციის საკითხისთვის და აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარებისათვის, არის რაც შეიძლება სწრაფად ამ ხელისუფლების ხელისუფლებიდან ჩამოცილება, რაც ერთი სიტყვით გამოიხატება ევროკავშირის რეზოლუციაში – დეოლიგარქიზაცია. 

ჩვენ ვერთვებით ამ კამპანიაში. ევროკავშირმა გვითხრა, რომ ეს თქვენი გასაკეთებელი საქმეა, მე ვიცი რომ ქართველი ხალხი არის დასავლურად ორიენტირებული და ეს მან დიდი ხნის წინ გამოხატა დამოუკიდებლობის რეფერენდუმში, აქედან გამომდინარე ქართველი ხალხი თვითონ გადაწყვეტს, რომ ეს ხელისუფლება მოიშოროს". – თქვა პატარაიამ.

ევროპულმა საქართველომ, თავისუფლების ინსტიტუტმა, ტაბულამ და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ პარლამენტთან დეოლიგარქიზაციის კამპანია წარადგინეს. კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციები აქტიურად ისაუბრებენ რუსეთის მიერ საქართველოში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე – ახსნიან, რატომ იყო გენოციდი ის, რაც 1992-1993 წლებში აფხაზეთში მოხდა, ამასთანავე, განიხილავენ, როგორ უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართულ ევროპულ იდენტობას.

კომენტარები