დეოლიგარქიზაციის კამპანია

"გვსურს, ადამიანებს ღირებულებებზე ველაპარაკოთ" – ქუთაისში 21:00-ზე ფილმის ჩვენება გაიმართება

ტაბულა

დღეს, 9 ივლისს, საღამოს 21:00 საათზე ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ დეოლიგარქიზაციის კამპანიის ფარგლებში თავისუფლების ინსტიტუტის, ევროპული საქართველოს, ტაბულას და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ფილმის, თავისუფლებისთვის ჩვენება გაიმართება.

"ფილმის ამოცანა არის, რომ ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს თანამოქალაქეებს შევახსენოთ, რომ იყო ქართველი ნიშნავს, იყო ევროპელი და ევროპასთან დაშორება, რეალურად, ჩვენი იდენტობისა და ქართველობის დაკარგვას ნიშნავს". - ამბობს ტაბულასა და VES-ის დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი.  

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, მათი სურვილია, მოქალაქეებს ღირებულებებზე ესაუბრონ, რომლებსაც, მისივე შეფასებით, ხელისუფლება ღალატობს. 

"ჩვენ გვაქვს აქცენტი საქართველოს პოლიტიკურ წარსულზე და პოლიტიკურ შინაარსზე, რითაც ასე დაცლილია, სამწუხაროდ, არსებული ქართული პოლიტიკა. ჩვენ გვინდა, ველაპარაკოთ ადამიანებს ღირებულებებსა და იმ მიზანზე, რომელზეც ძალიან ბევრი ენერგია დახარჯეს, მათ შორის, ჩვენმა წინაპრებმა. ამ მიზანს არ უნდა ვუღალატოთ და ხელისუფლება, სამწუხაროდ, ამ ჩვენს ეროვნულ ამოცანებსა და ინტერესებს ღალატობს. ამაზე გვინდა ვილაპარაკოთ, ამ პოლიტიკურ შინაარსზე. ყველას მოგიწოდებთ, რომ მოხვიდეთ დღეს 21:00 საათზე და ასევე შემოუერთდეთ ჩვენს დეოლიგარქიზაციის კამპანიას". - ამბობს ნონიაშვილი.  

ფილმი უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ეხება. ქუთაისში 10 ივლისს ასევე გაიმართება ექსპოზიცია "ბუჩამდე იყო აფხაზეთი", რომელიც აფხაზეთში რუსეთის მხრიდან ქართველთა გენოციდზე მოგვითხრობს. 

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, რეგიონებში აღნიშნული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ რუსეთის, როგორც ოკუპანტის შესახებ საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდეს ისე, რომ აღარასდროს შეიცვალოს.

"ვფიქრობ, ამის გაკეთება საუკეთესოდ შეუძლია იმ კაცობრიობის წინაშე დანაშაულებს, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა და სამწუხაროდ, ეს კარგად ვერ შეფასდა თავის დროზე აფხაზეთში - 1992-93 წლებში. [...] ყველა პატრიოტ ქუთაისელს გიწვევთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების სიჯანსაღისთვის ის ტანჯვა, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა გამოიარეს, ჩვენც გავიზიაროთ - ამის საფუძველზე გამოვიტანოთ დასკვნები, ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ არის ჩვენი მეგობარი". - ამბობს თამარ ჩერგოელიშვილი.

კომენტარები