დეოლიგარქიზაციის კამპანია

ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი გვართმევს ქართველობას, ევროპულ იდენტობას

თამარ ჩერგოლეიშვილი
ტბელ აბუსერიძე/ტაბულა

"დღეს, როგორც არასდროს, ისეთი ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენ გვართმევს ქართველობას, ქართულ იდენტობას, ევროპულ იდენტობას, ევროპელობას" – თქვა ტაბულას დამფუძნებელმა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პარლამენტთან დეოლიგარქიზაციის კამპანიის წარდგენისას.

"ბიძინა ივანიშვილი გვტოვებს იმ ქვეყნის ქვეყნის გავლენის სფეროში, გასაჭირში, უბედურებისა და უიმედობის ჭაობში, რომელიც საქართველოში 90-იან წლებში გენოციდს აწყობდა და რომელმაც ის უბედურებები დაგვმართა, რამაც ჩვენ აქამდე მოგვიყვანა. იმისთვის, რომ ეს ქვეყანა, ჩვენი ეროვნულობა, ქართული იდენტობა გადარჩეს, მოკავშირედ გვჭირდება ქართველი ხალხი და არაფერი სხვა. ქართველი ხალხი უნდა დადგეს ჩვენთან ერთად და დაამარცხოს ივანიშვილის მტრული რეჟიმი.

ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ კამპანიას. მივალთ ყველგან, დაველაპარაკებით ყველას იმაზე, თუ როგორ გვატყუებს რეჟიმი, როდესაც ცხვრის ფარად გვთვლის და გვეუბნება, თითქოს ევროკავშირთან დაახლოების წინაპირობა ომში ჩართულობა იყო, მაშინ, როდესაც მოლდოვამ ეს ყველაფერი უბრალოდ დეოლიგარქიზაციის და დემოკრატიული მთავრობის არჩევის გზით მიიღო. ჩვენ ვაპირებთ მივიდეთ ყველგან და ვესაუბროთ იმ დანაშაულებზე, რაც რუსეთმა ჩაიდინა. ჩვენ ვაპირებთ მივიდეთ ყველგან და ქართველები შთავაგონოთ იმით, რომ ჩვენ ევროპელები ვართ, ჩვენი იდენტობა ევროპულია, ჩვენი ისტორია ევროპულია, ჩვენი კონსტიტუცია ევროპული იყო და გამოვიდეთ ქუჩაში ჩვენი იდენტობის დასაცავად". – თქვა ჩერგოლეიშვილმა.

ევროპულმა საქართველომ, თავისუფლების ინსტიტუტმა, ტაბულამ და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ პარლამენტთან დეოლიგარქიზაციის კამპანია წარადგინეს. კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციები აქტიურად ისაუბრებენ რუსეთის მიერ საქართველოში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე – ახსნიან, რატომ იყო გენოციდი ის, რაც 1992-1993 წლებში აფხაზეთში მოხდა, ამასთანავე, განიხილავენ, როგორ უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართულ ევროპულ იდენტობას.

კომენტარები