თსუ

ნოდია თსუ-ზე: ამ შემთხვევაში ეს სტუდენტები მხარდაჭერას არ იმსახურებენ

ის, რომ მთავრობა ზოგადად ცუდია, ან უნივერსიტეტის რექტორი პლაგიატშია მხილებული, სტუდენტების მხრიდან ძალადობას არ ამართლებს. ასევე, ძალადობის გამართლების არგუმენტად არ გამოდგება ის, რომ ბევრ სტუდენტს, ზოგადად, ფინანსურად უჭირს. ამ საკითხზე ყურადღების გადატანა ამ აქციის გაკეთილშობილების მცდელობაა. შუა სემესტრში რომ ჰიბრიდულიდან აუდიტორიულ სწავლებაზე უნდა გადასულიყო თსუ, ნამდვილად სისულელე იყო. სტუდენტებმა სამართლიანად გააპროტესტეს და თავისას მიაღწიეს. ძალიან კარგი.

სწორია თუ არა, რომ გამოცდები მაინცდამაინც ცოცხალ რეჟიმში უნდა ჩატარდეს ონლაინ სემესტრის შემდეგ, კატეგორიული აზრი არა მაქვს. ამის სასარგებლო არგუმენტებიც არსებობს და საწინააღმდეგოც. მაგრამ თუნდაც თუ ამ საკითხში სტუდენტების პოზიციას გავიზიარებთ, მათი ბრძოლის მეთოდებს გამართლება მაინც არა აქვს. სრულიად ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ონლაინ გამოცდების უფრო ადვილად ჩაბარების იმედი აქვთ და ამიტომ ატეხეს ეს ალიაქოთი.

დაბოლოს, მართლა გასაპროტესტებელი რამდენი რამეა ამ ქვეყანაში, სად არიან? თუ "ნაც-ქოცობაზე" მაღლა დგანან? მოკლედ, ჩემი აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს კონკრეტული სტუდენტები არავითარ მხარდაჭერას არ იმსახურებენ. უნივერსიტეტმა არ უნდა დაუთმოს.

ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ნოდია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პროტესტსა და 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.

კომენტარები