თსუ

განათლების სამინისტრო თსუ-ზე: ვგმობთ პროტესტის გამოხატვის ძალადობრივ ფორმებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტის დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

10 ივნისს სტუდენტური მოძრაობის საპროტესტო აქციის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ სტუდენტთა პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო, სტუდენტებმა ფიზიკური ზეწოლით რექტორატი დაიკავეს, რის შედეგადაც თანამშრომლები დაშავდნენ, მათ შორის 4 კლინიკაში გადაიყვანეს.

თსუ-ს სტუდენტურმა მოძრაობამ ბოდიში მოიხადა "პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის". ამასთან, აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მათ პოლიტიკასა და მიზნებს მორგებული კადრებით გააშუქა.

თსუ-ში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული ფორმატით მიმდინარეობს, გამოცდები დასწრებით ფორმატში ტარდება. თბილისთან ერთად გაიხსნა ორი რეგიონული საგამოცდო ცენტრი ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში უფასო გახდა.

თავდაპირველად უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, 2022 წლის 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლებულიყო. უნივერსიტეტის სტუდენტებმა გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქციები გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ ბინების ფასმა მოიმატა და მცირე დროში ასევე მცირე პერიოდით საცხოვრებლის ქირაობას ვერ ახერხებდნენ. 

სტუდენტების პროტესტისა და განათლების სამინისტროს მოწოდების შემდეგ უნივერსიტეტი სწავლის ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა, ხოლო გამოცდები დასწრებითი ფორმით დაიგეგმა.

კომენტარები