რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი ამ ტემპით ომის გაგრძელებას კიდევ ერთი წელი შეძლებს

Alexander Ermochenko/Reuters

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთს ამჟამინდელი ტემპით ომის გაგრძელება კიდევ ერთი წელი შეუძლია. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს ამის ეკონომიკური რესურსები აქვს. 

"კრემლის ხელმძღვანელობა, ალბათ, ცოტა ხნით, ომის გაყინვას შეეცდება, რათა დასავლეთი სანქციების მოხსნაში დაარწმუნოს, ხოლო მოგვიანებით, აგრესია გააგრძელოს. რუსეთის ეკონომიკური რესურსები ოკუპანტ ქვეყანას საშუალებას მისცემს, ამ ტემპით, ომი კიდევ ერთი წელი გააგრძელოს.

რუსეთის მიზანი მთელი უკრაინაა და არამხოლოდ უკრაინა". - წერს უკრაინის სამხედრო დაზვერვა Telegram-ზე. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები