სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ლატვიის პრემიერი: რაც უფრო მკაცრი იქნება სანქციები, მით უფრო მალე დასრულდება ომი

ლატვიის პრემიერმინისტრი, არტურს კრიშიანის კარინში ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტს მიესალმება და ამბობს, რომ რაც უფრო მკაცრი იქნება სანქციები, მით უფრო მალე დასრულდება ომი.

"ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული აღარ იყოს. ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ქვეყნებმა ისეთი ინფრასტრუქტურა შექმნეს, რომელიც დიდწილადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე და ჩვენ მას ძალიან სწრაფად ვშორდებით. ზოგიერთი წევრი ქვეყნისთვის ეს ადვილია, ზოგიერთებისთვის კი უფრო რთული პორტებისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო, თუმცა, ყველა ერთი მიმართულებით მოძრაობს. რუსეთისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესება ძალიან კარგია. ეს კიდევ ერთი სწორად გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის დაფინანსება კიდევ უფრო რთული გახდეს". - თქვა ლატვიის პრემიერმა ბრიუსელში

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს.  დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით მიღებაზე უარს ამბობს. ამჟამად გამონაკლისი არის მილსადენი დრუჟბა, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა, რომელიც სრულ ემბარგო ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.

ევროკავშირი ამბობს უარს რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე. ამას გარდა, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი რუსული სამთავრობო არხის მაუწყებლობის შეზღუდვასა და უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების ტაწესებას. ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირთა სია მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები