ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტით, რუსულ გაზზე შეზღუდვები პირველად დაწესდება

REUTERS/Maxim Shemetov

დიპლომატების ცნობით, 20 ივნისს  ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ, მათ შორის, სანქციები პირველად რუსულ გაზსაც შეეხება.

"ევროკავშირის ელჩები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ სანქციების ძლიერ, მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ.  ეს პაკეტი ახალ, მიზანმიმართულ ზომებს უზრუნველყოფს და ხარვეზების აღმოფხვრით მაქსიმალურად ზრდის არსებული სანქციების ზემოქმედებას". - წერს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობა სოციალურ ქსელში.

პაკეტი ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) რეექსპორტს აკრძალავს. 2022 წელს რუსულ ნავთობზე დაწესებული სრული აკრძალვისგან განსხვავებით, ბუნებრივი აირის იმპორტი ისევ გაგრძელდება, თუმცა ახალი პაკეტით, ევროკავშირის ტერიტორიიდან რუსული გაზის რეექსპორტი სრულად აიკრძალება.

შესაბამისად, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი აირის მილსადენებით შემოტანას კვლავ გააგრძელებს.

პაკეტი ასევე სამი რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტს დაასანქცირებს. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, შვედეთსა და ფინეთს რუსული LNG-ის კონტრაქტების გაუქმების საშუალება მიეცემათ.

"რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს მე-14 სანქციების პაკეტის შეთანხმებას მივესალმები. სანქციების ეს მძიმე პაკეტი კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის წვდომას საკვანძო ტექნოლოგიებთან. ეს კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის ენერგეტიკულ შემოსავლებს და გაუმკლავდება პუტინის ჩრდილოვან ფლოტსა და საბანკო ქსელებს საზღვარგარეთ". - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

კომენტარები