რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირმა შეიძლება, უარი თქვას რუსული ნავთობის სრულ ემბარგოზე – BLOOMBERG

ევროკავშირი სანქციათა მექვსე პაკეტს, რომელშიც რუსული ნავთობის სრული ემბარგოს გათვალისწინება იგეგმებოდა, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ვერ იღებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, პოზიციათა დასაახლოებლად სრული აკრძალვის ნაცვლად, ევროკავშირმა ემბარგო მხოლოდ ზღვით მიღებულ რუსულ ნავთობზე გადაწყვიტა. შესაბამისად, უნგრეთი და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, კვლავ შეძლებენ რუსეთისგან ნედლი ნავთობის მიღებას.

კომპრომისული შეთანხმების წყალობით, უნგრეთს მეტი დრო ექნება, საკუთარი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მოძებნოს ტექნიკური გადაწყვეტა. Bloomberg-ის ცნობით, შეთანხმება ასევე სხვა ქვეყნებს, მათ შორის სლოვაკეთსა და ჩეხეთსაც, ითვალისწინებს.

მანამდე, ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივად, წლის ბოლომდე - სრულად შეზღუდვა, შესთავაზა. აქვე, გათვალისწინებული იქნა დამატებითი დრო უნგრეთისა და რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებული სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის.

ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის უნგრეთი რუსეთის ნავთობზე დაგეგმილი ემბარგოს აქტიური მოწინააღმდეგეა. მოსკოვთან დაახლოებულმა ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ ნავთობის იმპორტის შეზღუდვისთვის მილიონობით დოლარი სჭირდება.  

სრული ემბარგოსთვის ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. 

ამასთანავე, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, თუ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დაუყოვნებლივ სრულად იტყვის უარს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სხვა მყიდველს იპოვის და სრული ემბარგოს შედეგით - ფასის ზრდითაც ისარგებლებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები