რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფონ დერ ლაიენი: თუ რუსულ ნავთობზე სრულად ვიტყვით უარს, პუტინი ფასის ზრდით ისარგებლებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 7 მარტს ბრიუსელში
Kenzo Tribouillard/AFP

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, თუ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დაუყოვნებლივ სრულად იტყვის უარს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სხვა მყიდველს იპოვის და სრული ემბარგოს შედეგით - ფასის ზრდითაც ისარგებლებს. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა MSNBC-თან ისაუბრა

"აუცილებელია, ვიპოვოთ ბალანსი და ძალიან არ დავაზიანოთ ჩვენი ეკონომიკა. [...] თუ დღეიდან სრულად ავკრძალავთ რუსულ ნავთობს, ის [პუტინი] სხვა ბაზარზე გაყიდვას შეძლებს, სადაც ფასი გაზრდილი იქნება, შესაბამისად, მეტსაც გამოიმუშავებს. უნდა ვიყოთ სტრატეგიულები". - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გეგმად რჩება, რუსეთის ენერგორესურზებზე ეტაპობრივად უარის თქმა, საბოოლოდ კი მისგან სრული დამოუკიდებლობა. 

კომისიამ წევრ ქვეყნებს რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივად, წლის ბოლომდე - სრულად შეზღუდვა, შესთავაზა. აქვე, გათვალისწინებული იქნა დამატებითი დრო უნგრეთისა და რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებული სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის.

სრული ემბარგოსთვის ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები