რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

მარიუპოლის მერი: ინფექციებისგან შესაძლოა ქალაქის ათასობით მაცხოვრებელი დაიღუპოს

Alexander Ermochenko/Reuters

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ შესაძლოა, ზაფხულში მარიუპოლში ინფექციური დაავადებები გავრცელდეს. ამის შესახებ ბოიჩენკომ ტელემარათონის ეთერში ისაუბრა. 

მერის თქმით, მარიუპოლში ოკუპანტების ქმედებების გამო 22 ათასი ადამიანი დაიღუპა, რასაც სპონტანური დაკრძალვა მოჰყვა.  მისივე თქმით, ტყვეობაში რჩება 100 ათასზე მეტი მოსახლე, რომლებსაც ოკუპანტები ქალაქიდან არ ათავისუფლებენ.

"ამას ემატება უფუნქციო კანალიზაცია, ნაგვის შეგროვება და ამინდის გაუარესება, რადგან ზაფხულის ზღვარზე ვართ, ანუ ტემპერატურა მოიმატებს. ამიტომ, ჩვენი ექიმები აფიქსირებენ საშიშროებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ზაფხულს - ინფექციური დაავადებების გავრცელება - დიზენტერია, ჭირი და სხვა. ამ დაავადებებს შეუძლია მარიუპოლის ათასობით მკვიდრის მოკვლა".- თქვა  მან. 


რუსეთი მარიუპოლს მას შემდეგ აკონტროლებს, რაც გასულ კვირას ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან 2 400-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ოკუპანტებს ჩაბარდა.

ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დაკითხავენ უკრაინელ მებრძოლებს, რომელთა ევაკუაციაც მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მოხდა. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

აზოვსტალში მყოფი სამხედროების შესახებ უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, ქარხანაში 2 400-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იყო, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

კომენტარები