რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკება გახვრეტილ მონეტადაც არ ღირს

Kemal Aslan/Reuters

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Telegram-ზე წერს, რომ რუსეთთან ნებისმიერი სახით შეთანხმება არ შეიძლება იყოს სანდო და მოსკოვის შეჩერება მხოლოდ ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი. 

"რამდენად შესაძლებელია მოლაპარაკება ქვეყანასთან, რომელიც ყოველთვის ცინიკურად და პროპაგანდისტულად იტყუება? რუსეთთან ნებისმიერი სახით მოლაპარაკება გახვრეტილ მონეტადაც არ ღირს.

რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი დაპირება მხოლოდ სიტყვებით თამაშია. სინამდვილეში, რუსეთმა წამოიწყო კლასიკური დაპყრობითი ომი შუა საუკუნეების სულისკვეთებით: აგრესორმა, გაუნათლებელმა, მაგრამ ფრთოსანი რაკეტებით შეიარაღებულმა, გადაწყვიტა, ბევრად უფრო თანამედროვე და ნაკლებად შეიარაღებული ქვეყნის დაპყრობა და ამ ქვეყნის მოქალაქეების განადგურება". - წერს პოდოლიაკი Telegram-ზე.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარი არ სურს, თუმცა აუცილებელია, რეალობას თვალი გაუსწოროს, რომ ომის დასრულებითვის ეს, სავარაუდოდ, საჭირო იქნება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ მედია NHK-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა ისიც, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებების მაგიდასთან მაშინ დაბრუნდებიან, როცა კიევი 24 თებერვლამდე კონტროლირებად ტერიტორიებს დაიბრუნებს.

მეორე მხრივ, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მეთაური, ვლადიმირ მედინსკი მოლაპარაკებების ჩაშლაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. 

"ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი. თუმცა, მოლაპარაკებების შეჩერება მთლიანად უკრაინის ინიციატივა იყო. ახლა ბურთი მათ მოედანზეა". - ამბობს მედინსკი.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები