რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ამჟამად რუსეთის აგრესიის ყველაზე აქტიურ ფაზას ვაკვირდებით – უკრაინის თავდაცვა

რუსეთის საოუკუპაციო ძალების ტანკები რუსეთისა და ე.წ. დსრ-ს დროშებით
Chingis Kondarov/Reuters

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, ალექსანდრ მოტუზიანიკის თქმით, ამჟამად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ყველაზე აქტიური ფაზა მიმდინარეობს. მან ასევე დაამატა, რომ რუსეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება.

"მთლიანობაში, რუსეთის არმიის მოქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი ხანგრძლივი საომარი ოპერაციისთვის ემზადება... ამჟამად ვაკვირდებით სრუმასშტაბიანი აგრესიის ყველაზე აქტიურ ფაზას, რომელიც რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ წამოიწყო". – თქვა მოტუზიანიკმა. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის თქმით, ამჟამად ფრონტზე ვითარება "უაღრესად რთულია, რადგან ახლა, ალბათ, ამ ქვეყნის ბედი წყდება". 

როგორც მოტუზიანიკმა აღნიშნა, ყველაზე ცხელი წერტილები დონეცკის რაიონი და სლავიანსკის მიმართულებაა. 

"ყველაზე ცხელი არის დონეცკის ოპერაციული რაიონი და სლავიანსკის მიმართულება. ოკუპანტები, ფაქტობრივად, სადღეღამისო რეჟიმში ურტყავენ არტილერიით, ავიაციით, ბომბავენ საცხოვრებლებს. ასევე, რუსეთი ეძებს გარკვეულ ახალ საზღვრებს, საიდანაც ისინი რაკეტებითა და ბომბებით დარტყმებს შეძლებენ, მათ შორის ბელარუსისა და ყირიმის ტერიტორიებიდან. ეს არის მძიმე ბრძოლები, რომლებიც ახლა აღმოსავლეთში გრძელდება და ამ ომის შედეგს განაპირობებენ". – თქვა უკრაინის თავდაცვის უწყების სპიკერმა.

თავდაცვის სპიკერის თქმით, რუსი ოკუპანტების მიზანია სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკას რაიონებში უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევა, გზების გადაკეტვა, რის შედეგადაც, შესაძლოა ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გავიდნენ. 

ასევე, მოტუზიანიკის თქმით, ომის პირველ ფაზაში განცდილი მარცხის შემდეგ, რუსეთს მიზნების გადახედვა მოუწია და ამბიციები შეუმცირდა, შედეგად, ახლა მათი მთავარი მიზნები დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ოლქებზე კონტროლის სრული მოპოვებაა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები