რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის შემდეგ თუ ბრძანება იქნება, ექვს წამში გაჩვენებთ, რა შეგვიძლია – კადიროვი პოლონეთს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი პოლონეთს ემუქრება და რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

"უკრაინა დახურული საკითხია. მე მაინტერესებს პოლონეთი. რას აპირებს პოლონეთი? უკრაინის შემდეგ თუ ბრძანება იქნება, ექვს წამში გაჩვენებთ, რა შეგვიძლია. სჯობს წაიღოთ თქვენი იარაღი და წაიყვანოთ თქვენი დაქირავებულები. ჩვენი ელჩის გამო ოფიციალურ ბოდიშს ვითხოვთ. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ, გაითვალისწინეთ". - თქვა კადიროვმა ვიდეომიმართვაში.

9 მაისს რუსეთის ელჩს პოლონეთში, სერგეი ანდრეევს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს. მან საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეამკო, სადაც დემონსტრანტები უკრაინის დროშებით და უკრაინის ქალაქების ნგრევის ამსახველი ბანერებით დახვდნენ. აქციის მონაწილეებს სისხლიანი ტანსაცმელი ეცვათ. ისინი რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს "ფაშისტებს" ეძახდნენ. 

"მე ვამაყობ ჩემი პრეზიდენტით". - თქვა სერგეი ანდრეევმა წასვლისას და ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკზე თქვა, რომ "ეს ტერიტორიები არ ეკუთვნის უკრაინას“. პოლონური მედიის ცნობით, მან ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვა. 

სერგეი ანდრეევის შეფასებით, "ყველაფერი დიდი ხნის მომზადებულია". მას არ სჯერა, რომ "ეს იყო რაღაც სპონტანური ქმედება". რუსეთის ელჩი მიიჩნევს, რომ მასზე თავდასხმის მზადებას "შესაბამისი პოლონური სამსახურები აკონტროლებდნენ". ანდრეევის თქმით, პოლონეთის ხელისუფლება თავად მას ადანაშაულებს "განზრახ პროვოკაციაში“. 

რუსეთში პოლონეთის ელჩს უთხრეს, რომ რუსული მხარე მომხდართან დაკავშირებით პოლონეთის თანამდებობის პირების ოფიციალურ ბოდიშს ელის, ასევე, რუსეთის ელჩისა და პოლონეთში რუსეთის საგარეო მისიების ყველა თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს.  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათი შემდეგი ნაბიჯები მოთხოვნაზე ვარშავის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული. 

კომენტარები