9 მაისი

რუსეთის ელჩს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს

რუსეთის ელჩს პოლონეთში, სერგეი ანდრეევს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს. მან საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეამკო, სადაც დემონსტრანტები უკრაინის დროშებით და უკრაინის ქალაქების ნგრევის ამსახველი ბანერებით დახვდნენ. აქციის მონაწილეებს სისხლიანი ტანსაცმელი ეცვათ. ისინი რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს "ფაშისტებს" ეძახდნენ.

Piotr Halicki / Onet

"მე ვამაყობ ჩემი პრეზიდენტით", - თქვა სერგეი ანდრეევმა წასვლისას და ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკზე თქვა, რომ "ეს ტერიტორიები არ ეკუთვნის უკრაინას“. პოლონური მედიის ცნობით, მან ტერიტორია გაჭირვებით და პოლიციის დახმარებით დატოვა. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საელჩოს 9 მაისის მსვლელობით აღნიშვნა სურდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ვარშავის მერმა უარი უთხრა, ღონისძიება გააუქმა. რუსეთის საელჩოს მტკიცებით, გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ "საფრთხე არ შეექმნათ მსვლელობის მონაწილეებს". რუსი დიპლომატების თქმით, არ აქვთ იმედი, რომ პოლონეთის ხელისუფლება "სათანადო საზოგადოებრივ წესრიგს" უზრუნველყოფდა. თუმცა, საელჩოს თანამშრომლები საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალთან მაინც მივიდნენ.

ვარშავაში საბჭოთა ჯარისკაცების სასაფლაოზე დაკრძალულია 1944-1945 წლებში დაღუპული 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი.

კომენტარები