პოლონეთი-რუსეთი

"სიმეტრიული შურისძიება" – მოსკოვში პოლონეთის საელჩოს წითელი საღებავი შეასხეს (VIDEO)

Gazeta.ru

მოსკოვში პოლონეთის საელჩოს წითელი საღებავი შეასხეს. პოლონური მედიის ცნობით, რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერი სახელწოდებით - "სიმეტრიული შურისძიება", რომელშიც ჩანს, რომ სამი კაცი საელჩოს საღებავს ასხამს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ლუკაშ იაშინას თქმით, "ეს არის ხულიგნური ქმედება. ვიმედოვნებთ, რომ გამოვავლენთ დამნაშავეებს".

9 მაისს რუსეთის ელჩს პოლონეთში, სერგეი ანდრეევს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს. მან საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეამკო, სადაც დემონსტრანტები უკრაინის დროშებით და უკრაინის ქალაქების ნგრევის ამსახველი ბანერებით დახვდნენ. აქციის მონაწილეებს სისხლიანი ტანსაცმელი ეცვათ. ისინი რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს "ფაშისტებს" ეძახდნენ. 

"მე ვამაყობ ჩემი პრეზიდენტით". - თქვა სერგეი ანდრეევმა წასვლისას და ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკზე თქვა, რომ "ეს ტერიტორიები არ ეკუთვნის უკრაინას“. პოლონური მედიის ცნობით, მან ტერიტორია გაჭირვებით და პოლიციის დახმარებით დატოვა. 

ამის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს - საკითხზე უწყებაში რუსეთში პოლონეთის ელჩი დაიბარეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინციდენტი ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა. მათივე მტკიცებით, პოლონეთმა არ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება - არ უზრუნველყო რუსი დიპლომატების იმუნიტეტი.

რუსეთში პოლონეთის ელჩს უთხრეს, რომ რუსული მხარე მომხდართან დაკავშირებით პოლონეთის თანამდებობის პირების ოფიციალურ ბოდიშს ელის, ასევე, რუსეთის ელჩისა და პოლონეთში რუსეთის საგარეო მისიების ყველა თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს.  

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის შემდეგი ნაბიჯები მოთხოვნაზე ვარშავის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული. 

კომენტარები