რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპულმა საბჭომ უკრაინას სამხედრო დახმარება €2 მილიარდამდე გაუზარდა

Josep Borrell Fontelles / Twitter

ევროპული საბჭოს განცხადების მიხედვით, ევროპულმა საბჭომ ევროპული მშვიდობის ფონდის ფარგლებში უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონით €2 მილიარდამდე გაზარდა. 

"ხვალინდელი ისტორია უკრაინის ბრძოლის ველზე, დღეს იწერება. დამატებითი €500 მილიონით ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მხარდასაჭერად ჯამში €2 მილიარდამდე გამოყო. დახმარების ეს პაკეთი ევროპის ძალისხმევის ნაწილია, რათა უკრაინას თავის დაცვაში დაეხმაროს. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ. ჩვენ ომის დაწყებიდან ამას ვაკეთებთ და ბოლომდე გავაგრძელებთ". - თქვა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები