მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, EU-ში მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას მიესალმება და მოლდოვა "ყველა მათგანის გახსნისთვის" არის მზად. მანვე აღნიშნა, რომ მოლდოვამ საჭირო "სამუშაო შეასრულა" და "რეფორმების გატარებას გააგრძელებს".
ამის შესახებ სანდუ X-ზე წერს.
"მივესალმები ორშაბათს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის გადაწყვეტილებას. მოლდოვა ყველა მათგანის გახსნისთვის მზადაა - ჩვენ სამუშაო შევასრულეთ და რეფორმების გატარებას გავაგრძელებთ. მოველით 22 ივნისს EU-მოლდოვის სამიტს". - წერს სანდუ.
ცნობისთვის, 15 ივნისს EU-ში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ 4 ივნისს უკრაინის პრემიერმინისტრმა, იულია სვირიდენკომ ბუდაპეშტთან ეთნიკურად უნგრელი უმცირესობების უფლებების შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ მწვანე შუქი აუნთო EU-ში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას.
მანამდე უნგრეთის პრემიერმინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინაში ეთნიკურად უნგრელების უფლებების შესახებ ბუდაპეშტმა კიევთან შეთანხმებას მიაღწია, რის საფუძველზეც ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ EU-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესში მომდევნო ეტაპი ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
მადიარის წინამორბედი, ვიქტორ ორბანი, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მხრივ პროგრესს წლების განმავლობაში ბლოკავდა და ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ უკრაინის მთავრობისგან 11 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 7 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა.
მანამდე, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო.




