ოკუპირებული ცხინვალი

პესკოვი ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის ფორმულირებას იწუნებს

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის ფორმულირებას იწუნებს.

"თუ სერიოზულად მივუდგებით, მაინც საჭიროა ამ საკითხის იურიდიულად დამუშავება, რადგან, თუ სწორად გვესმის, რეფერენდუმის საკითხი იურიდიულად ფორმულირებულია როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანება. ანუ, იურიდიულად ეს გაურკვეველი კაზუსია, რადგან თუ გაერთიანებაა, ეს ნიშნავს, რომ საუბარია გარკვეული მესამე სახელმწიფოს შექმნაზე, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ამიტომაც, ალბათ, რა თქმა უნდა, საჭიროა ფორმულირებაზე ოდნავ იურიდიულად დაფიქრება". – უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მოსკოვს ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით. 

ასევე, პესკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი ამ მიმართულებით არ მუშაობს და არც იგეგმება.


ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა მარიონეტმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა, მმართველობის ბოლო დღეებში, 13 მაისს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის თარიღად 17 ივლისი დაასახელა

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალან გაგლოევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას მხარს უჭერს, თუმცა მან ბიბილოვი ე.წ. რეფერენდუმის თარიღის ნაჩქარევად დანიშვნის გამო გააკრიტიკა.

აქამდე გაგლოევმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმი ცალმხრივი არაა და მის ჩასატარებლად ისინი რუსეთის მხრიდან ნიშანს უნდა დალოდებოდნენ.

"ეს არ არის ცალმხრივი პროცესი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთის ფედერაცია დაკავებულია გეოპოლიტიკური საკითხის გადაჭრით, ატარებს სეპცოპერაციას უკრაინაში ნეონაცისტური წარმონაქმნების განადგურებისთვის. ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის. როგორც კი სიგნალი იქნება, როგორც კი გავიგებთ, რომ დრო დადგა, ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ამ რეფერენდუმს". – ამობდა გაგლოევი.

ანატოლი ბიბილოვი, რომელიც ე.წ. არჩევნებში დამარცხდა, ოკუპირებული ცხინვალის რუსეთისთვის შეერთებასა და ორი რეფერენდუმის დანიშვნას გეგმავდა. პირველი ე.წ. რეფერენდუმით, მას რუსეთთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტა სურდა, მეორეთი კი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება ერთიანი ფედერაციული სუბიექტის შექმნა.

24 მაისიდან მარიონეტი ლიდერის ფუნქციების შესრულება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ალან გაგლოევმა დაიწყო.

კომენტარები