შვედეთი-ფინეთი-NATO

თურქეთმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დათანხმებისთვის საჭირო პირობები გაასაჯაროვა

Yves Herman/Pool/Reuters

თურქეთი შვედეთის მიმართ NATO-ში გაწევრიანებაზე დათანხმებისთვის საჭირო მოთხოვნებს ასაჯაროებს

"NATO-ს კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპის შესაბამისად, თურქეთი ელოდება კონკრეტულ გარანტიებს შვედეთისგან, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს". – ნათქვამია თურქეთის საპრეზიდენტო კომუნიკაციების დირექტორატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებაში ხაზგასმულია, როგორც თურქეთი ამას უწოდებს, "ტერორიზმის დაფინანსების წყაროს" აღმოფხვრის აუცილებლობა და ნახსენებია თუ შვედეთის მთავრობამ როგორ გადაწყვიტა $367 მილიონით დახმარებოდა ქურთების მუშათა პარტიასა (PKK) და დემოკრატიული კავშირის პარტიას (PYD).

განცხადების მიხედვით, უნდა შეწყდეს PKK/PYD-ისთვის შეიარაღების მიწოდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შვედეთის მთავრობა PKK/PYD-ს აწვდიდა შეიარაღებას, კერძოდ ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებსა და დრონებს, რომლებიც სპეცოპერაციების დროს თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს.

ამას გარდა, თურქეთი ითხოვს შვედეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და იარაღის ემბარგოს მოხსნას. შვედეთმა ანკარას ეს სტოკჰოლმმა ანკარას ეს სანქციები სირიაში 2019 წელს ჩატარებული ოპერაცია მშვიდობის გაზაფხულის შემდეგ დაუწესა. თურქეთის მხარე ამბობს, რომ ეს ოპერაცია საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურებოდა. 

"ჩვენი ქვეყნის მიერ NATO-ს "ღია კარის" პოლიტიკის მიღების პარალელურად, გვჯერა, რომ ალიანსის წევრები და კანდიდატი ქვეყნები უნდა თანამშრომლობდნენ ტერორიზმთან ბრძოლის მაღალ დონეზე, ისე როგორც ამას აკეთებენ სხვა სფეროებში. შვედეთისგან, რომელმაც წევრობაზე განაცხადი შეიატანა, მოველით პრინციპული ნაბიჯის გადადგმასა და თურქეთის უსაფრთხოების შეშფოთებებთან დაკავშირებით მყარი გარანტიების მიცემას". – ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები გააცნო.


18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები