აშშ-საქართველო

ბლინკენი: მოვუწოდებ საქართველოს, პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს ომის დანაშაულებზე

Reuters

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს 22 აპრილს წერილით მიმართა, სადაც თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და დაჟინებით მოუწოდა, პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ხელისუფლებას ომის დანაშაულებზე. 

წერილში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაასაჯაროვა, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ 30-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და აშშ გვერდიგვერდ იბრძოდნენ გლობალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად. 

"შეერთებული შტატები გმობს საქართველოს განგრძობად ოკუპაციას რუსეთის მიერ და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პასუხს სცემს რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ხელისუფლებას ომის დანაშაულებზე". – წერია წერილში. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები