უკრაინა

მედვედჩუკმა ექსპრეზიდენტ პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა

უკრაინის მიერ დაპატიმრებულმა, სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილმა პრორუსმა უკრაინელმა ოლიგარქმა და ვლადიმირ პუტინის ნათლიმამამ, ვიქტორ მედვედჩუკმა უკრაინის ექსპრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

უკრაინის უშიშროების უწყების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში მედვედჩუკი ყვება, თუ რა როლი ითამაშა ექსპრეზიდენტმა პოროშენკომ მილსადენი სამარა-დასავლეთის მიმართულების სახელმწიფო საკუთრებიდან გამოყვანაში. ეს მილსადენი მომავალში დიზელის საწვავის გადაქაჩვისთვის გამოიყენებოდა. 

მედვედჩუკის თქმით, ამ სქემის განსახორციელებლად პოროშენკომ მასა არამხოლოდ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან დაკავშირება, უკრაინის ყველა ინსტანციაში არამედ აუცილებელი გადაწყვეტილებების მოგვარება სთხოვა. 

"მომმართა, რათა მოვლაპარაკებოდი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომ ტრანსნეფტს ეს მილსადენი გაეყიდა და ეს შეეძინა, როგორც შემდეგში გახდა ცნობილი, ბატონ პოროშენკოს... იმისათვის, რომ ეს მილსადენი კერძო საკუთრება გამხდარიყო, ფაქტობრივად კი თავად პოროშენკოს საკუთრება, აუცილებელი იყო რიგი ქმედებების მიღება, დაწყებული სასამართლო სისტემის ამოქმედებიდან, რომელიც მილსადენის ტრანსნეფტის საკუთრებას სადაოდ ხდიდა და გამოტანილი იყო გარკვეული გადაწყვეტილებები, რომ ეს უკრაინის საკუთრებაა.იმისათვის, რომ ტრანსნეფტს ამ მილსადენის გაყიდვა შეძლებოდა, საჭირო იყო ყველაფრის გაკეთება, რომ ის კვლავ ტრანსნეფტის საკუთრებაში ყოფილიყო და მიეღო მილსადენის გაყიდვის გადაწყვეტილება. ამაში ბატონი პოროშენკო ყველა საკითხს, როგორც სასამართლოში, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში, ჭრიდა პრეზიდენტობის მოვალეობისა და ადმინისტრაციული გავლენების შესაძლებლობებით". – თქვა მედვედჩუკმა. 

მედვედჩუკის თქმით, პოროშენკოს მილსადენის გადაფორმება $23 მილიონამდე დაუჯდა, თუმცა მისი მეშვეობით, დაახლოებით, ორჯერ დიდი მოგება ნახა. 2019 წლის მაისიდან, მას შემდეგ, რაც პეტრო პოროშენკომ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, მილსადენით დიზელის მიწოდება შეჩერდა. 

ამას გარდა, მედვედჩუკმა ისაუბრა 2014-2015 წლებში ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მიმდინარე ქვანახშირით ვაჭრობის სქემაზეც. მისი თქმით, ამ პროცესში ჩართული იყო "ფაქტობრივად, სახელმწიფო აპარატის მთელი ზედა ნაწილი, დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული მინისტრებით, სამართალდამცველებითა და მათით, ვინც ამ სქემის უშუალოდ რეალიზაციას ახდენდა". 

მედვედჩუკის ბრალდებას გამოეხმაურა პოროშენკოს ადვოკატი, იგორ გოლოვანი, რომლის თქმითაც, ოლიგარქის ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება.

"ჩვენი აზრით, რასაც აკეთებს უკრაინის უშიშროების სამსახური (СБУ), არის მხოლოდ პიარი. პირველ რიგში, ეს მათი საქმე არაა, ამით დაკავებული უნდა იყოს გამოძიების ეროვნული ბიურო და ის, რომ ამაზე საუბრობს СБУ - ეს ამტკიცებს, რომ აქ სიმართლესთან და კანონთან საერთო არაფერია". – თქვა გოლოვანმა. 

გოლოვანის თქმით, მედვედჩუკის ჩვენება უკავშირდება პოროშენკოს საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომას. დღეს, 23 მაისს პოროშენკოს ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება. ადვოკატის თქმით, СБУ-ს მიერ ამ ჩვენების გამოქვეყნება "სასამართლოზე ზეწოლაა".


პეტრო პოროშენკო, რომელიც, ევრომაიდანის მოვლენების შემდეგ აირჩიეს და პრეზიდენტის თანამდებობას 2014-2019 წლებში იკავებდა, და პარტია ევროპული სოლიდარობის ლიდერია სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. სისხლის სამართლის საქმე ეხება დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდების დანაშაულებრივ სქემას.

პოროშენკოსთან დაკავშირებით, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდებაზე საქმის გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ფინანსური ტერორიზმის, სახელმწიფო ღალატის და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით. ამ მუხლებით წაყენებული ბრალი ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები უკრაინის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობით და გენერალური პროკურორის ოფისის ხელმძღვანელობით იძიებენ სისხლის სამართლის საქმეს უკრაინის მოქალაქეების მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდების დანაშაულებრივ სქემის ორგანიზებასა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან" და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან" თანამშრომლობაზე. უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი ეჭვმიტანილია იმაში, რომ ძირითადად რუსეთის ფედერაციის უმაღლესი მმართველობის პირებით შედგენილ ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდა და ხელს უწყობდა ტერორისტული ორგანიზაციების "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" საქმიანობას" – ნათქვამი იყო სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში.

პოროშენკოს ბრალი 2021 წლის 20 დეკემბერს წაუყენეს, რის შემდეგაც მან უკრაინაში დაბრუნების გეგმების შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

პოროშენკო უკრაინაში ომის დაწყებამდე, 17 იანვარს დაბრუნდა. 19 იანვარს კიევის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ექსპრეზიდენტს არ დააკავებდნენ. სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პოროშენკოს პირადი ვალდებულება დააკისრა.

კომენტარები