უკრაინა

სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი ექსპრეზიდენტი პოროშენკო უკრაინაში დაბრუნებას აანონსებს

პეტრო პოროშენკო

უკრაინის ექსპრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, რომელსაც გასულ დღეს, 20 დეკემბერს ბრალი დასდეს სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში, ამბობს, რომ იანვრის პირველ ნახევარში უკრაინაში დაბრუნდება. მან ამის შესახებ ვიდეომიმართვა საკუთარი Telegram-ის გვერდზე განათავსა.

უკრაინის ექსპრეზიდენტმა ვიდეო მიმართვა პოლონეთიდან, ვარშავიდან გაავრცელა. მისი თქმით, ის აქ ევროპელ პოლიტიკოსებს ხვდება და აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ "უკრაინის მხარდამჭერი ძლიერი კოალიცია" შექმნას.

"მე პრეზიდენტის [ზელენსკის] ადმინისტრაციიდან "მოკითხვას" მიგზავნიან იმაზე, რომ ისინი გაგებით ეკიდებიან იმას, რომ მე ევროპაში დავრჩი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მათ ასეთ საჩუქარს არ გავუკეთებ და უკრაინაში იანვრის პირველ ნახევარში დავბრუნდები, თუმცა ჩემი გრაფიკით და არა ბატონი ზელენსკის ვიდეოების სცენარისტის გრაფიკით", – ამბობს პოროშენკო ვიდეომიმართვაში. 

პეტრო პოროშენკო, რომელიც, ევრომაიდანის მოვლენების შემდეგ აირჩიეს და პრეზიდენტის თანამდებობას 2014-2019 წლებში იკავებდა, და პარტია ევროპული სოლიდარობის ლიდერია სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო ავრცელებს. სისხლის სამართლის საქმე ეხება დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდების დანაშაულებრივ სქემას.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდებასთან დაკავშირებით საქმის გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ფინანსური ტერორიზმის, სახელმწიფო ღალატის და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით. ამ მუხლებით წაყენებული ბრალი ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები უკრაინის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობით და გენერალური პროკურორის ოფისის ხელმძღვანელობით იძიებენ სისხლის სამართლის საქმეს უკრაინის მოქალაქეების მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდების დანაშაულებრივ სქემის ორგანიზებასა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან" და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან" თანამშრომლობაზე. უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი ეჭვმიტანილია იმაში, რომ ძირითადად რუსეთის ფედერაციის უმაღლესი მმართველობის პირებით შედგენილ ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდა და ხელს უწყობდა ტერორისტული ორგანიზაციების "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" საქმიანობას" – ნათქვამია სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში.

კომენტარები