უკრაინა

სასამართლოს გადაწყვეტილებით პეტრო პოროშენკოს არ დააკავებენ

Назарий Мазылюк, УП

კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ღალატის და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის საქმეზე უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს არ დააკავებენ. სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პოროშენკოს პირადი ვალდებულება დააკისრა.

ბრალდების მხარეს აღმკვეთ ღონისძიებად დაკავების შეფარდება სურდა, ერთი მილიარდი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდის ალტერნატივით. პროკურორების თქმით, პოროშენკომ შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე, ხელი შეუშალოს გამოძიებას და დაფაროს მტკიცებულებები.

თავად პოროშენკომ Ukrayinska Pravda-სთან საუბარში თქვა, რომ აღკვეთის ნებისმიერი ზომა მისთვის უკრაინის სირცხვილი იქნება.

"ეს არის ჩემი პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ." – თქვა პოროშენკომ.

პირადი ვალდებულება გულისხმობს ბრალდებულზე ან ეჭვმიტანილზე სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, რაც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის 194-ე მუხლით. უკრაინული მედია Hromadske აღნიშნავს, რომ ეს აღმკვეთი ღონისძიების ყველაზე მსუბუქი ზომაა.

პოროშენკო უკრაინაში 17 იანვარს პოლონეთიდან დაბრუნდა. მისი სასამართლო პროცესი ორი დღით გადაიდო.

პეტრო პოროშენკო, რომელიც, ევრომაიდანის მოვლენების შემდეგ აირჩიეს და პრეზიდენტის თანამდებობას 2014-2019 წლებში იკავებდა, და პარტია ევროპული სოლიდარობის ლიდერია, სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. სისხლის სამართლის საქმე ეხება დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდების დანაშაულებრივ სქემას.

პოროშენკოსთან დაკავშირებით, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდებაზე საქმის გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ფინანსური ტერორიზმის, სახელმწიფო ღალატის და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით. ამ მუხლებით წაყენებული ბრალი ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოროშენკოს ბრალი 2021 წლის 20 დეკემბერს წაუყენეს. ამის შემდეგ, პოროშენკომ თქვა, რომ ის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. 2022 წლის 6 იანვარს უკრაინის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს ქონება და აქტივები დააყადაღა.

კომენტარები