უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას, აღიარა, რომ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობამ საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლეს, რის გამოც ფრონტზე, ბრიგადებში და მობილიზაციის პროცესში არსებული პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩებოდა.
ამასთან ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არსებული სირთულეები მრავალ დონეზე არსებობს და საქმე მხოლოდ პიროვნებებს არ ეხება.
"არმიის ხელმძღვანელობასა და თავდაცვის სამინისტროს შორის დიალოგი რთულია. ეს სირთულე სხვადასხვა დონეზეც არსებობს. საქმე მხოლოდ პიროვნებებს არ ეხება" - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად არაერთი საკითხი კვლავ გადაუჭრელია.
"როდესაც ვსაუბრობთ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, ოპერაციებზე, ბრიგადებში არსებულ მდგომარეობაზე, ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრებზე (ТЦК), ე.წ. ‘ბუსიფიკაციაზე’, უნდა ვაღიაროთ, რა არის სწორი და რა - არასწორი და სამარცხვინო. ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას. არ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ ერთმა მხარემ უნდა გააკეთოს. ჩემი აზრით, ეს ორივემ ერთად უნდა გადაწყვიტოს.
არ შეიძლება ისე იყოს, რომ აქ ვიღაც მხოლოდ გამარჯვებას იწერდეს საკუთარ დამსახურებად, ხოლო იქ მხოლოდ ვიღაც ერთს ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა. არა. ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ და ერთადაც ვაგებთ პასუხს იმ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებაში გაუგებრობასა და დიდ რეზონანსს იწვევს" - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ომის დროს პრეზიდენტი ასეთ ვითარებაში არჩევანის გაკეთებას არ უნდა ცდილობდეს.
"ძალიან მსურდა ერთიანობა. მხარეებმა ამას ვერ მიაღწიეს. ეს მხოლოდ მათი პრობლემა კი არა, ჩემი პრობლემაცაა. პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. ორივე მხარეს პატივს ვცემ, ვიცი მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და მინდა, რომ უკრაინის გაძლიერებაზე იმუშაონ. მაგრამ რეალობა ისეთია, როგორიც არის. ასეთ სიტუაციაში გამოსავალია - ან ერთი მხარე, ან მეორე, რადგან ჩემი ჩარევის გარეშე ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხდებიან" - თქვა მან.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო და სამხედრო ხელმძღვანელობა ყოველდღიურად და დამოუკიდებლად უნდა თანამშრომლობდნენ და თავად წყვეტდნენ პრობლემებს





