უკრაინა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი

პეტრო პოროშენკო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ევროპული სოლიდარობის ლიდერი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო ავრცელებს. სისხლის სამართლის საქმე ეხება დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდების დანაშაულებრივ სქემას.

"სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები უკრაინის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობით და გენერალური პროკურორის ოფისის ხელმძღვანელობით იძიებენ სისხლის სამართლის საქმეს უკრაინის მოქალაქეების მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდების დანაშაულებრივ სქემის ორგანიზებასა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან" და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან" თანამშრომლობაზე. უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი ეჭვმიტანილია იმაში, რომ ძირითადად რუსეთის ფედერაციის უმაღლესი მმართველობის პირებით შედგენილ ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდა და ხელს უწყობდა ტერორისტული ორგანიზაციების "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" საქმიანობას" – ნათქვამია სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში.

საქმესთან დაკავშირებით პოროშენკოს პარტია ევროპული სოლიდარობა ამბობს, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირი ქვეყნის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეაქვს და არა პეტრო პოროშენკოს.

"ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის თავდაცვა გააძლიეროს ზელენსკი იმ ოპოზიციური პარტიების დევნას აძლიერებს, რომელიც ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალა ხდება." - ამბობენ პარტიაში.

პეტრო პოროშენკო ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება. ევროპული სოლიდარობის ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელის ალექსანდრ ტორჩინოვის თქმით, პოროშენკო დაკითხვაზე ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მივა.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდებასთან დაკავშირებით საქმის გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ფინანსური ტერორიზმის, სახელმწიფო ღალატის და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით. ამ მუხლებით წაყენებული ბრალი ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები