რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დონბასის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა – მათ შორის, 2 ოჯახი ბავშვებით

Reuters

დონბასში ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის არის 2 ოჯახი მცირექლოვანი შვილებით. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.  

"ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 46 დასახლება დაბომბეს - შედეგად, განადურდა ან დაზიანდა 68 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის არის 43 კორპუსი, 2 სკოლა, ლიცეუმი, საბავშვო ბაღი, ფაბრიკა, რკინიგზის სადგური, კულტურის ცენტრი და ა.შ. 

თავდასხმების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 15 მშვიდობიანი მოქალაქე (მათ შორის არის 2 ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვებით), 7 ადამიანი კი დაშავდა". - წერია განცხადებაში.  

ასევე, უკრაინის ინფორმაციით, დონბასში ოკუპანტების 16 შეტევა მოიგერიეს - 24 საათის განმავლობაში გაანადგურეს 8 ტანკი და 17 ერთეული ჯავშანტექნიკა. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები