ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

საგამოძიებო: აღმოჩენილია 22 უკანონო ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, ამოღებულია ₾500 000-ზე მეტი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აჭარისა და გურიის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი 22 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი აღმოაჩინეს. ამოღებული ვალუტის საერთო რაოდენობა 500 000 ლარზე მეტია. 

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მოწყობილი იყო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ და საქმიანობდა საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე. 

მასშტაბურად ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთდროულად ჩატარდა ჩხრეკა 22 ლოკაციაზე, რა დროსაც ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და ვალუტის კონვერტაციისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი.

ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 500 000 ლარს აღემატება.

ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები