საქართველო-რუსეთი

კარასინი: ეს ფორმატი არ გაყინულა, აბაშიძეს საკმაოდ ხშირად ვუკავშირდები

ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი
რადიო თავისუფლება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ ის ხშირად უკავშირდება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს. 

"ხმები ამ ფორმატის გაყინვის შესახებ ნაადრევია, საკმაოდ ხშირად ვუკავშირდებით ერთმანეთს ტელეფონით, ვიდეო-კონფერენციების რეჟიმში". – თქვა კარასინმა. 

ასევე, კარასინმა აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე იმუშავებს. 

"ვიმედოვნებთ, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ". – თქვა კარასინმა ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.

კარასინის თქმით, ქართველ კოლეგებთან "მოკლედ განიხილა" ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის საკითხიც.

გასულ თვეში აბაშიძესა და კარასინს შორის დანიშნული შეხვედრა გადაიდო.

"გადაიდო, ამ ვითარებაში არაა მიზანშეწონილი ამ შეხვედრის გამართვა... კომუნიკაცია მქონდა ერთი, სამი კვირის წინ, ტექნიკური საკითხი იყო, მგონი იმასთან იყო დაკავშირებული, რომ პრობლემა იყო შექმნილი ლარსზე, ერთი თვის წინ იყო ეს... ომამდე იყო ამაზე საუბარი". –ამბობდა აბაშიძე.

კომენტარები