საქართველო-რუსეთი

აბაშიძე: კარასინთან შეხვედრა გადაიდო, ამ ვითარებაში არაა მიზანშეწონილი შეხვედრა

შეხვედრა აბაშიძე-კარასინის ფორმატში, [ზურაბ აბაშიძე, გრიგორი კარასინი]

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელთან, გრიგორი კარასინთან გაზაფხულზე დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. 

"გადაიდო, ამ ვითარებაში არაა მიზანშეწონილი ამ შეხვედრის გამართვა", - ამბობს აბაშიძე.

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ კარასინთან ბოლო შეხვედრა ნოემბერში ჰქონდა, ხოლო კომუნიკაცია - რამდენიმე კვირის წინ, ტექნიკურ საკითხებზე.

"კომუნიკაცია მქონდა ერთი, სამი კვირის წინ, ტექნიკური საკითხი იყო, მგონი იმასთან იყო დაკავშირებული, რომ პრობლემა იყო შექმნილი ლარსზე, ერთი თვის წინ იყო ეს. ძალიან დიდი სირთულეები იყო მანქანების გატარებასთან დაკავშირებით იქიდან და აქედან, ტვირთი რაც მიდის ლარსზე, ეს ომამდე იყო. ლარსზე ეს შეფერხება იყო თუ არ ვცდები, თებერვლის პირველ ნახევარში, ხშირად არის ხოლმე დიდი რიგები კლიმატური პირობების გამო. ძალიან დიდი რიგები იყო თოვლის გამო. სამი კვირის წინ პირობითად ვთქვი, ომამდე იყო ამაზე საუბარი", - თქვა აბაშიძემ, ინტერპრესნიუსის ცნობით.

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელს კითხვა გრიგორი კარასინის შეფასებაზეც დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, სანქციებთან დაკავშირებით, რუსეთს საქართველოს რეაქცია "შეუმჩნეველი არ დარჩება". ზურაბ აბაშიძემ ამაზე თქვა - "მოგცემთ კარასინის ტელეფონს და დაურეკეთ, ჰკითხეთ, რა ჰქონდა მხედველობაში."


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ, ბომბავენ და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები