საქართველო-ევროკავშირი

"იმაზე სწრაფად ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე" – ბორელი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის განაცხადზე

Reuters

"მე არ შემიძლია წინასწარ გითხრათ, რა იქნება ევროკომისიის შეფასება, მაგრამ ჩვენ იმაზე სწრაფად ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე" – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის განაცხადების შესახებ შეკითხვას.

საქართველომ ევროკავშირის წარმომადგენლობას კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის ორივე ნაწილი უკვე გადასცა. კითხვარი ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გადასცეს უკრაინამ და მოლდოვამაც.

შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

საქართველოსა და მოლდოვას თვითშეფასების კითხვარი ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა.

კომენტარები