რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ბავშვების დაკითხვა დაიწყეს" – ქალაქის მერის მრჩეველი

რუსი სამხედრო უკრაინაში

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა ბავშვების დეტალური დაკითხვა დაიწყეს იმისთვის, რომ მათი მშობლები ტყუილებში გამოიჭირონ. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ გაავრცელა.

"მარიუპოლიდან ბოლოს ევაკუირებულმა ადამიანებმა გვითხრეს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ბავშვების დაკითხვაც დაიწყეს. მშობლების თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ, იწყებენ მათ დაკითხვას დეტალებთან დაკავშირებით. რუსები ცდილობენ, რომ ბავშვების მშობლები ტყუილებში გამოიჭირონ". - ამბობს ანდრიუშჩენკო.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები