რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: ეკონომიკური უწყებები პუტინს ომის ხარჯების სიმძიმეზე აფრთხილებენ

ვლადიმირ პუტინი

მედიის ცნობით, რუსეთის ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკის მაღალჩინოსნებმა ვლადიმირ პუტინი გააფრთხილეს, რომ თავდაცვის სფეროს მიმდინარე ხარჯები საბიუჯეტო დეფიციტის სახიფათო ზრდას იწვევს. ამის შესახებ, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, სააგენტო Bloomberg წერს.

Bloomberg-ის ცნობით, ოფიციალურმა პირებმა კრემლს სამხედრო ხარჯების შემცირება შესთავაზეს, თუმცა პუტინმა ფინანსთა სამინისტროს დაავალა, ხარჯები ბიუჯეტის სხვა ნაწილში დაზოგონ და სამხედრო დაფინანსების ხარჯებს არ შეეხონ.

სააგენტოს შეფასებით, ეს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოსკოვის ელიტებში არსებული უთანხმოების ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა.

Bloomberg-ის წყაროების თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და კრემლის ზოგიერთი წარმომადგენელი არა მხოლოდ ეწინააღმდეგება სამხედრო ხარჯების შემცირებას, არამედ დამატებით დაფინანსებასაც მოითხოვს. მათი აზრით, თავდაცვის შეკვეთების შემცირება ეკონომიკას დააზარალებს, რადგან მრავალი რუსული საწარმო სამხედრო კონტრაქტებზეა დამოკიდებული.

რუსეთის მთავრობასთან დაახლოებული ორი წყაროს შეფასებით, 2026 წელს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების დეფიციტმა შესაძლოა 3 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით 36 მილიარდ დოლარს) მიაღწიოს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, 2026 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას რუსი ჩინოვნიკები იმედოვნებდნენ, რომ ომი დასრულდებოდა. მათი ვარაუდით, პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ალასკაზე შეხვედრის შემდეგ სამხედრო ხარჯების შემცირება წლის მეორე ნახევარში შესაძლებელი გახდებოდა. თუმცა, ომი გაგრძელდა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე ნავთობის ფასების ზრდა რუსეთის საბიუჯეტო პრობლემების გადასაჭრელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

სააგენტოს შეფასებით, რუსეთის ფინანსური მდგომარეობის საგრძნობლად გასაუმჯობესებლად ნავთობის ფასი მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ბარელზე 100 დოლარზე მაღლა უნდა შენარჩუნდეს.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ჯერ კიდევ თებერვალში მოითხოვა, რომ 2026 წლის ბიუჯეტის ყველა მუხლი შემცირებულიყო, გარდა სამხედრო ხარჯებისა. ამის შესახებ მაისის ბოლოს გაზეთი Financial Times წერდა.

რუსეთის 2026 წლის ბიუჯეტის ბოლო ვერსია მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1.6%-იან დეფიციტს (3.79 ტრილიონ რუბლს) ითვალისწინებს.

2026 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-ის 2.5% (5.9 ტრილიონი რუბლი) შეადგინა, რაც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ამასთან, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სამჯერ შეამცირა — 1.3%-დან 0.4%-მდე.

კომენტარები