რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჰაბეკი: უკრაინა გადარჩა, იბრძვის, შეუძლია მოიგოს ეს ომი და ჩვენ მას ამაში დავეხმარებით

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლას გააგრძელებს. ამასთან, გერმანია ომის დასრულების შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციის პროცესში მონაწილეობასაც გეგმავს. ამის შესახებ ჰაბეკმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეკონფერენციაზე ისაუბრა.

ჰაბეკის თქმით, გერმანია ხელს შეუწყობს მსოფლიოში ახალი ანტირუსული სანქციების დაწესებას და მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა გადარჩა, იბრძვის, შეუძლია მოიგოს ეს ომი და ჩვენი მთავარი გადაწყვეტილება დავეხმაროთ მას ამაში. ეს არ იქნება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, ჩვენ გვსურს, რომ აღდგენის შემდეგ უკრაინა იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე ომამდე იყო". - თქვა ჰაბეკმა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები