შვედეთი-ფინეთი-NATO

ერდოღანი: სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია

Vladimir Smirnov/TASS

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს პესიმისტურად აფასებს

ერდოღანის თქმით, გაფართოებაზე წევრი ქვეყნები ერთსულოვნად უნდა შეთანხმდნენ. ასევე, მისი აზრით, საბერძნეთის NATO-ში შესვლა შეცდომა იყო.

"როგორც თურქეთს, ჩვენ არ გვინდა მსგავსი შეცდომების გამეორება. გარდა ამისა, სკანდინავიური ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია". - თქვა ერდოღანმა.

ამასთან ერთად, უცნობია თუ კონკრეტულად რა ორგანიზაციები იგულისხმა ერდოღანმა. პრეზიდენტის სიტყვებს დამატებითი განმარტებები მისი წარმომადგენლებისგან ამ დრომდე არ მოჰყოლია. 

"ჩვენ შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს თვალს ვადევნებთ, მაგრამ პოზიტიური შეხედულებები არ გვაქვს". - თქვა ერდოღანმა.

ამასთან ერთად, 12 მაისს გაკეთებულ  ერთობლივ განცხადებაში ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტე და პრემიერმინისტრი, სანა მარინი ამბობენ, რომ NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ - ეს სკანდინავიური ერს, რომელსაც რუსეთთან საზღვარი აქვს, ერთი ნაბიჯით მიაახლოვებს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

შვედეთის NATO-ში შესვლას მხოლოდ მწვანე და მემარცხენე პარტიები ეწინააღმდეგებიან. ამასთან ერთად, შვედეთის NATO-ში შესვლა სწორედ სამთავრობო პარტიაზეა დამოკიდებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები