რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად რუსეთი შეთავაზებებს არ თანხმდება

Efrem Lukatsky/AP

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი მარიუპოლში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების გადასარჩენად უკრაინის არც ერთ შეთავაზებას არ თანხმდება. ამის შესახებ მან მალტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა. 

"ქალაქის დამცველები მარიუპოლში რჩებიან. ისინი აგრძელებენ წინააღმდეგობას აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო დიპლომატიურ ინსტრუმენტს, რათა მათი გადარჩენა შევძლოთ. მაგრამ რუსეთი ჯერ არ დათანხმდა არცერთ შეთავაზებულ ვარიანტს".- ამბობს ზელენსკი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ პარტნიორებს სთხოვა საჭირო იარაღი მარიუპოლის დებლოკირებისთვის, რათა ყველა სამხედროს და სამოქალაქო პირის გამოყვანა მომხდარიყო. 

"მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ეს იარაღი და ის რაოდენობა , რაც საჭიროა მარიუპოლის დებლოკირებისთვის". - ამბობს უკაინის პრეზიდენტი. 


მარიუპოლში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ალყაში მოქცეულ აზოვსტალის ქარხანაში, სულ მცირე, 100 მშვიდობიანი მოქალაქე კიდევ რჩება. როგორც CNN წერს, ქარხანაში დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა კაცია.

7 მაისს უკრაინის ვიცეპრემიერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე ევაკუირებულია. აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები