რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკო: 8-9 მაისის შემდეგ შესაძლებელი იქნება კიევში მოსახლეობის ეტაპობრივად დაბრუნება

Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, 8-9 მაისის შემდეგ შესაძლებელი იქნება კიევის მოსახლეობა დედაქალაქში ეტაპობრივად დაბრუნდნენ. კლიჩკომ ამის შესახებ რადიო НВ-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"მე ვურჩევ კიეველებს, რომ საფრთხის გათვალისწინებით, კიევში დაბრუნება არ იჩქარონ. აგრესორის სამიზნე იყო და რჩება დედაქალაქი. დიდი რაოდენობით ნაღმებია გარეუბნებში, ტყიან ადგილებში. სამხედროები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიების უმეტესობა ისევ სახიფათოა. უსაფრთხოების გარანტიის მიცემა ჯერ არ შეგვიძლია, მაგრამ 8-9 მაისი შემდეგ შესაძლებელი იქნება დედაქალაქში ეტაპობრივად დაბრუნება". – თქვა კლიჩკომ.

მისივე თქმით, ამჟამად კიევში, დაახლოებით, 2.2 მილიონი ადამიანი იმყოფება, ხოლო 24 თებერვლამდე დედაქალაქში 3.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.

სახელმწიფო უწყებების შეფასებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ კიევში 200-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. მათივე ცნობით, დაზიანებულია დიდი რაოდენობით სკოლები და საბავშვო ბაღებიც.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები